სიგარეტის გაძვირების შესახებ ფინანსთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

03/01/2016

ზოგიერთი სიგარეტის ფასის მატებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ამ დასახელების სიგარეტის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსის გამო ხდება და პირდაპირი კავშირი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდასთან არ არის.

„ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ დასახელების სიგარეტის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ახალი წლიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა ძირითადად კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ სიგარეტებზე მოიმატა.

პირველი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი – 0,2 ლარის ოდენობით გაიზარდა, უფილტრო სიგარეტზე – 0,05 ლარით, ერთ ღერ სიგარაზე – 0,4 ლარით, 20 ღერ სიგარაზე – 0,5 ლარით, ყალიონით მოსაწევ და ერთ კგ საღეჭ, ან საყნოს თამბაქოზე – 5 ლარით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0