„ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ დასახელების სიგარეტის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ახალი წლიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა ძირითადად კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ სიგარეტებზე მოიმატა.
პირველი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი – 0,2 ლარის ოდენობით გაიზარდა, უფილტრო სიგარეტზე – 0,05 ლარით, ერთ ღერ სიგარაზე – 0,4 ლარით, 20 ღერ სიგარაზე – 0,5 ლარით, ყალიონით მოსაწევ და ერთ კგ საღეჭ, ან საყნოს თამბაქოზე – 5 ლარით.