სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

18/12/2017

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე იმსჯელეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 25-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი და საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები − „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და სამომავლო გეგმები. სხვებს შორის, ისაუბრეს არასრულწლოვანთა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის კონცეფციაზე. როგორც ცნობილია, შესაბამისი უწყებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებული მონაცემთა ერთიანი სისტემის შექმნაზე მუშაობენ; დღევანდელ სხდომაზე კი მონაცემთა ერთიანი სისტემისთვის საჭირო ინდიკატორები განსაზღვრეს და განმარტებების დოკუმენტი შეიმუშავეს. სხდომაზე ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს – სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის – მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად მომზადდა. როგორც ცნობილია, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმა ოთხი დონის ამოცანებისგან შედგება: I დონე − ზოგადი პრევენცია; II დონე − დანაშაულის პრევენცია რისკჯგუფებში; III დონე − განმეორებითი დანაშაულის პრევენცია; IV დონე − განრიდება და მედიაცია. სახელმძღვანელოში მოცემულია ინსტრუქცია, როგორ შეავსონ უწყებებმა აღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები. სხდომაზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე. ითქვა, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით ინერგება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია. გარდა ამისა, სხდომაზე ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოების და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის განვითარების შესახებ. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0