სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული

02/11/2023

პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაპალაში, N3 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქართულ-აზერბაიჯანული საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებით შეძლებენ სარგებლობას. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლის შიდა ეზოში მოეწყობა მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი და ადაპტირებულ იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
4 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ბოლნისის მერის მოადგილე, ლონგინოზ გასანოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით, რასაც სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0