სლოვაკეთის მსგავსად, ვაგრძელებთ გზას ევროპის, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ

18/11/2017

სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ.
მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ამ ორ ქვეყანას შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ „მიუხედავად სირთულეებისა, სლოვაკეთმა მტკიცედ განაგრძო გზა ევროპისკენ და თავისუფლებისკენ და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მშვიდობიანი გზით, მიაღწია სლოვაკი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ეს ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, მიუხედავად სირთულეებისა, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რომელიც არის თავისუფლების, სწორი ფასეულობების და დემოკრატიის გზა. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა უკვე მიაღწია ხელშესახებ წარმატებას ამ გზაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რაც გულისხმობს ასოცირებას დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, სტაბილურობასთან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ სახელმწიფოსთან“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ
მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, კულტურული, ხალხთაშორისი და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშა, რომ მხარეები აქტიურად მუშაობენ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
აღსანიშნავია, რომ მიღებაზე, ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას კომპანია “ჯორჯიან ეარვეის” და ბრატისლავას აეროპორტის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.
სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებული ჯილდო გადასცა სლოვაკეთის საპატიო კონსულს საქართველოში, ბესარიონ ქვარცხავას.
ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0