სოზარ სუბარი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

02/06/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს იოჰანეს დოპფელს შეხვდნენ.
იოჰანეს დოპფელის განცხადებით, გერმანიის მთავრობა, დევნილთა სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ქართული მხარის დახმარების საკითხს განიხილავს. პროგრამის მიზანია არა მხოლოდ დევნილი ოჯახების განსახლება, არამედ მათი პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს შემოსავლის წყაროს გაჩენასა და დევნილების გრძელვადიანი ინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გერმანიის დელეგაციის წევრებს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ახორციელებს.
იოჰანეს დოპფელის განცხადებით, ძალიან საინტერესოა „სოფლად სახლის“ პროექტი, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში თავად დევნილების თანამონაწილეობითა და ჩართულობით ხორციელდება და განსახლების პარალელურად სოციალურ უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სწორედ დევნილების თანამონაწილეობა იქნება მათი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროგრამის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის განვითარების ბანკი (KFW).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0