სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ღონისძიება

17/05/2016

2016 წლის 16 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა, ფონდის მიერ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას თურქეთის სამედიცინო ცენტრებში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა სოლიდარობის ფონდის, როგორც ქველმოქმედებისა და კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის ერთიანი პლატფორმის მნიშვნელობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ქართულ და თურქულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითაც სოლიდარობის ფონდს საშუალება ეძლევა დააფინანსოს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდებს მკურნალობა თურქეთის კლინიკებში.

„ჩვენ არც ერთ ბავშვს არ ვტოვებთ ყურადღების გარეშე და ვცდილობთ მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ. როგორც ფონდი, ასევე მთავრობა და დღეს აქ წარმოდგენილი საზოგადოება ცდილობს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს მათ ოჯახებს. იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი ღონისძიება წარმატებული იქნება, ჩვენ შევძლებთ ერთობლივი თანამშრომლობით ბავშვების შემდგომ დახმარებას.“ -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მზადყოფნას გააგრძელოს სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის საქმიანობაში.
საქველმოქმედო ღონისძიებას მთავრობის წევრები, საქართველოში თურქეთის ელჩი, საქართველოში მოღვაწე თურქული ბიზნეს კომპანიების და თურქეთის კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ თურქეთიდან მკურნალობის შემდეგ დაბრუნებული ბავშვები.
სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერი საღამო საქართველოში თურქეთის საელჩოს, „ფონდი არველაძის“ და ქართულ-თურქული ბიზნეს ასოციაციის თანადგომით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0