სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახურთან მემორანდუმი გაფორმდა

23/02/2017

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაკელიანი დაესწრნენ. მემორანდუმის მიზანია ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში თანამშრომლობას, ინსტიტუციურ განვითარებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. „ჩვენი უწყებები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვეყნის სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კეთილსაიმედოობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობა დადებითად აისახება როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოსახლეობაზე“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა იშხან კარაპეტიანმა. სომხეთის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ გაიმართა საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0