სორში სოფლის კრებას სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

08/02/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერთან ემზარ საბანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, კრებას სოფელ სორში დაესწრო.
შეხვედრისას არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას 2019 წელს ონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები გააცნო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „მოგეხსენებათ, 1 იანვრიდან პროგრამა განახლებული სახით დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გამოყოფილი თანხები, მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა და მოსახლეობას გაცილებით მასშტაბური პრობლემების გადაჭრის საშუალება მიეცა. მოხარულები ვართ, რომ კრებებზე მაღალი აქტივობა შეინიშნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ თითოეული თქვენგანის აზრს და საკითხებს, რომლებიც გაწუხებთ, რათა უკეთ შევძლოთ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა“.
სორში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება. ონის მუნიციპალიტეტში კრებები 5 თებერვალს დაიწყო და 20 სოფელში უკვე ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0