სოფელ არაგვისპირში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17/09/2021

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა რეზერვუარები, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, ცენტრალური მაგისტრალი და სხვა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო.

“ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს წყლის 2 ავზის მშენებლობა, ქსელის მოწყობა. ასევე, უნდა მოეწყოს საქლორატორო სისტემა და წყლის მიმღები სათავე ნაგებობები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ არაგვისპირში მუდმივად მცხოვრები 500-მდე ოჯახი სუფთა, სასმელად ვარგის წყალს მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ჩვენთვის აღნიშნული საკითხის მოგვარება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.”- განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, სოფელ არაგვისპირში სასმელი წყლის ქსელთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება, სამუშაოებს კი შპს “ნდს მშენებლობა” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0