სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ

04/05/2020

სოფელ მუშევანში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. ეპიდემიოლოგებთან ერთად სოფელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ეპიდემიოლოგებისა და ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 4 მაისს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფები სოფელში დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ.

„სოფელში მედიკოსებთან ერთად ვიმყოფებოდით. მუშევანის მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ შემდგომი ვლევებთან დაკავშირებით. ხვალ მედიკოსთა ჯგუფები მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ. ჩვენს მედიკოსებს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფებიც შეუერთდებიან. ვფიქრობ, სოფლის მოსახლეობას მკაფიოდ ესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. დღეს მედიკოსები შესაბამის სამუშაოებს შეფერხების გარეშე აწარმოებენ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0