სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინს შეხვდა

27/09/2017

საქართველოს, სამუშაო ვიზიტად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვია.
პირველი შეხვედრა სტუმარმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, სოფიო ქაცარავასთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარება ასევე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე, საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ. ასევე, საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ვაპირებთ კიდევ ერთხელ მივიპყროთ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
სოფიო ქაცარავამ და არჩილ თალაკვაძემ კრისტიან ვიგენინს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების პროცესი და კანონის მიღების დამტკიცების პროცედურა გააცნეს.
სოფიო ქაცარავა: „საინტერესო შეხვედრა გავმართეთ კრისტიან ვიგენინთან, რომელიც მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს პოლიტიკურ პროგრესს, ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ერთად მოვინახულებთ წეროვანში და თბილისის ზღვის ახალ უბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, რათა სტუმარი უკეთ გაეცნოს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს“.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებსა და საარჩევნო ჯანსაღ და დემოკრატიულ გარემოს ასევე, ამ პროცესში. მოქალაქეებისა და მედიის ჩართულობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0