სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკა პოზიტიურია

21/06/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა ძირითადი აქცენტები უკვე შესრულებულ სამუშაოებზე გააკეთა, რომელიც სოფლის მეურნეობის სტრატეგიას – 20/20 ემყარება. მისი ინფორმაციით, დარგი ბოლო წლებში მართლაც პრიორიტეტულად რომ იქცა, ამაზე ორი რიცხვი მეტყველებს – “თუ რამდენიმე წლის წინ წელიწადში ეს სფერო დაახლოებით 30 მილიონი ლარით ფინანსდებოდა, დღეს დაფინანსებამ 321 მილიონ ლარს მიაღწია“.
მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკა რომ პოზიტიურია, ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, რაც ქვეყნისადმი ნდობის ფაქტორმა განაპირობა. ქართული პროდუქცია ექსპორტზეც გავიდა, ესენია: თხილი, ღვინო, მინერალური წყლები, ლურჯი მოცვი, კივი. დანელია იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს წლებში შედეგები უკეთესი იქნება და ამას ხელს ახალი ვითარება შეუწყობს, როცა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდა, რაც აქამდე არ ყოფილა.
ოთარ დანელიამ ცალკეული მიმართულებების მიხედვით განხორციელებულ სამუშაოებზე და ამ სფეროების განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა, როგორიცაა მელიორაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მევენახეობა-მეღვინეობა, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა. მან სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებაც გაამახვილა ყურადღება. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს პროექტები: – “დანერგე მომავალი“, აგროდაზღვევა, ინფრასტრუქტურული პროექტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0