სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 27-ე შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 27-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს წარუდგინა საბჭოს ახალი წევრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლის სახით და იმედი გამოთქვა სამომავლო წარმატებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ვეტერინარებთან აქტიური თანამშრომლობა. ქვეყანაში ვეტერინარის პროფესიის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები.
საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი.
ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა ივლისის თვეში გაიმართება.

Visited 160 times, 1 visit(s) today