სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანდაცვის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს

04/03/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნეს და ყურადღება გაამახვილეს პირუტყვის იდენტიფიკაციისა და ვეტერინარული პუნქტების მოწყობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების და ვაქცინაციის შედეგად ქვეყანაში შემცირდა ზოონოზური დაავადებების შემთხვევები.
სამეთვალყურეო ჯგუფის თავმჯდომარემ ნოდარ კერესელიძემ მოკლედ შეაჯამა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD/GIPA) წარმომადგენლები.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0