სოფო კილაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის აპარატის წარმომადგენელს ჰანეს კიკჰეფერს შეხვდა

20/10/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმდჯომარე სოფო კილაძე გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის აპარატის წარმომადგენელს, ჰანეს კიკჰეფერს შეხვდა.
სოფო კილაძის ინფორმაციით, კომიტეტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ჯარში ადამიანის უფლებების განმტკიცების საკითხზე მუშაობს. „თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მხარს უჭერს რეფორმებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის უფლებების გაუმჯობესება ჯარისკაცებისთვის ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი მოსაზრებით, გერმანული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. „გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს გამოდცილება დაგვეხმარება შევქმნათ ჩვენი სისტემა, სადაც თითოეული ქართველი ჯარისკაცი იქნება დაცული და სადაც თითოეულ ჯარისკაცს ექნება საკუთარი უფლებების დაცვის ძალიან მტკიცე და მყარი გარანტიები“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ამ საკითხის მოწესრიგება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. „ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. როცა ქვეყანა თავის ჯარისკაცს იცავს, ეს ჯარისკაცს აძლევს მეტ მოტივაციას იმისათვის, რომ თვითონაც უფრო მეტად დაიცვას თავისი ქვეყანა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, გერმანული მხარე მხარს უჭერს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას. სტუმარმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მაქსიმალურად გვერდით დაუდგეს რეფორმების გზაზე როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ასევე თავდაცვის სამინისტროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0