სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდნენ

15/08/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ კონტექსტში გერმანიის სახელმწიფოს საქართველოსადმი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობაზე.
საუბარი დაეთმო ასევე სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს.
სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის მიმდინარე პროექტებში გერმანული მხარის, კერძოდ, GIZ-ის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერაზე.
შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი როგორც მთლიანად საპარლამენტო, ასევე საკომიტეტო დონეზე.
სოფო კილაძე: „გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი პარტნიორი. დღევანდელი ვიზიტი და შეხვედრა ბატონ იუნგთან სწორედ ამის დასტურია, რომელმაც მოგვცა გზავნილი, რომ გერმანია კვლავაც საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. გერმანია აქტიურად გვეხმარება რეფორმებში, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ეხება სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ გზაზე და დეოკუპაციის საკითხებში, რაც დადასტურდა 28 ივნისის გერმანიის ბუნდესტაგის მიერ რეზოლუციის მიღებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი მხარდაჭერა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე დეოკუპაციის კუთხით“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0