სოციალური სახლების კომისიამ 2016 წელს მუშაობა განაახლა

02/03/2016

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ 2016 წელს პირველი სხდომა დღეს ჩაატარა.
„არაფერია იმაზე დიდი სიხარული, როდესაც ბავშვის თვალებში ბედნიერებას ამოიკითხავ და ასეთ თვალებს ჩვენ შევხვდით ახალ წელს, როცა ჩვენმა ბენეფიციარებმა ახალი წელი ახალ სახლებში იზეიმეს. ვითარება იმაზე მძიმე აღმოჩნდა, რასაც ველოდით, ადგილებზე ვნახეთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ჩამონგრეული სახურავი, ჩამოშლილი კედლები და გაუმართავი იატაკი.
დიდი ბედნიერებაა მოქალაქეებს შეუქმნა საკუთარი თავშესაფარი, კეთილმოწყობილი თბილი კერა და ადაპტირებული გარემო. ჩვენ შარშან 16 ოჯახი გავახარეთ და წელს ვაპირებთ მათი რაოდენობა გავასამმაგოთ და 50–დან 70 სახლი ავაშენოთ. ამ ეტაპზე 20 სახლის მშენებლობის მზაობა არსებობს. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მეგობარ კომპანიებთან, რომლებიც დაფინანსებას შეგვპირდნენ. გავზრდით სახლის ფართობს და თითოეული კომპონენტი იქნება უკეთ შეჯერებული და შესწავლილი, უფრო დახვეწილი“. – განმარტა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.
ამასთანავე, მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, მშენებლობები მიმდინარე წელს ზაფხულში უნდა დაიწყოს, რათა კედლის მშენებლობისა და ბათქაშის გამოშრობის დრო იყოს სტანდარტულად დაცული.
„ ჩვენი პროექტის მაგალითზე სახლების მშენებლობა დაიწყეს სხვა მუნიციპალიტეტებმა და დღეს ინტენსიურ რეკომენდაციებს ღებულობენ ჩვენი პროექტებიდან რაც სასიხარულო გახდა.“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, „გაიზრდება სახლების ფორმატი, ფართობი. პრიორიტეტი მიენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს და სახლების ფართობი 60 და 70 კვ. მ იქნება. ოთახების რაოდენობა გაიზრდება და იქნება 4 და 5 ოთახიანი სახლები.“ თავდაპირველად მოხდება ბაზაში არსებული მონაცემების შესწავლა და ბენეფიციარების გადამოწმება და მათი მდგომარეობის დადგენა. პროექტში მოხდება კორექტურის შეტანა. შეჯამების კრიტერიუმები კი უცვლელი რჩება.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ის მიმდინარე წელსაც გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0