სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია

09/08/2023

“რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამოა რეალობასთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: ორი ხიდი იყო წაღებული, ერთი დამონტაჟდა მანამდე, ხოლო მეორე დღეს დამონტაჟდა და სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული არცერთი ხიდი წყალს არ წაუღია. შესაბამისად, ორი წაღებული ხიდიდან ორივე აღდგენილია. აი ეს არის მთელი ინფორმაცია, ზუსტად იგივე რაც მანამდე გითხარით,”-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, რამდენიმე მედია საშუალებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.

მინისტრის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის პირველივე დღეს განაცხადა, რომ სტიქიამ წაიღო ორი ხიდი. ერთი ხიდი, რომელიც უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი იყო და მისი აღდგენა პრიორიტეტს წარმოადგენდა, რის გამოც ის რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა. დღეს დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა, რომელიც არ არის უშუალოდ სტიქიის ზონასთან.

“სტიქიის დროს, 3 აგვისტოს, ორი ხიდი წაიღო წყალმა. ერთი ხიდი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრს უკავშირდება, მოეწყო და დამონტაჟდა სტიქიიდან მალევე (5 აგვისტოს), რომლის გამოყენებითაც ჩვენი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაადგილდება სტიქიის დიდი არეალის დასაფარად. ხოლო მეორე ხიდი, სადაც წინა კომენტარის გაკეთებისას ვიდექით, მდინარე ჭანჭახზე, ასევე, იყო დროებითი ხიდი, რომელიც სტიქიისას მდინარემ წაიღო. ანუ ორი ხიდი იყო წაღებული, ერთი მოვაწყვეთ რამდენიმე დღის წინ, ხოლო ეს მეორე დროებითი ხიდი, ამოვიღეთ მდინარიდან, მოვახდინეთ მისი შესწავლა-შეფასება, შეიძლებოდა თუ არა მისი ხელმეორედ გამოყენება. დადგინდა, რომ არ შეიძლებოდა, მოვიტანეთ ახალი ხიდი, რომელიც დამონტაჟდა იმავე ადგილას,” – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0