“სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

11/10/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კვლევის/ანგარიშის – “სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ – პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ – ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და კვლევის ავტორი, ექსპერტი ტერი სანდელი ესწრებოდნენ. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა საქართველო წარმატებით განაგძობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, რაც ყველა მიმართულებით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ქვეყნის განვითარებას და ზოგადად საქართველოს ევროპული სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სწორედ კულტურის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას, კანონმდებლობის აპროქსიმაციას და ევროპული პრაქტიკის დანერგვას. ვიქტორ დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს კულტურის „სტრატეგია 2025“-ის მიზნების განხორციელებას საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0