ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

25/09/2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს NASA – ს წარმომადგენლები სტუმრობენ. სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ცოცხალი ლეგენდა ჯონ კასანი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა კოსმოსურ ხომალდზე „კაცობრიობის მესიჯის“ განთავსება. მეცნიერები საქართველოს ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში ეწვივნენ, რომელსაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ფონდი ,,ნოვას“ ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილი ახორციელებს. ღონისძიებას დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრნენ. ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“. ტექნოპარკში დღეს ლეგენდარული კარლ საგანის სახელობის ოთახი გაიხსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0