ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული ექიმების, მფრინავებისა და მაშველების ხსოვნას პატივი მიაგეს

29/07/2023

ჯანდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა, ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული ექიმების, მფრინავებისა და მაშველების ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილზე აღევლინა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რომელსაც ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, მეხანძრე- მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები.
ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურთან მოხდა. სამაშველო ოპერაციისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი – ექიმები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები დაიღუპნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0