უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით

16/01/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძეთან და თურქეთის რეპუბლიკის კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან ერთად მეზობელ თურქეთში გაემგზავრა და ართვინის გუბერნატორს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.

“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას. აღნიშნულ საკითხზე აქტიურ ფაზაშია ორმხრივი კონსულტაციები ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ ანკარას შორის, მუშაობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები, ამავდროულად, შედგა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ართვინის გუბერნატორი, ისევე როგორც სასაზღვრო და ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე თურქეთის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოხატავენ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებებში ჩართულობისა და საკითხის მხარდაჭერის კუთხით.
გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე, განიხილება კონკრეტული დროებითი მექანიზმის შემუშავება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთენ საზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დამატებითი დეტალების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0