უკრაინაში საქართველოს ელჩი გია ცერცვაძის მეუღლეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ შეხვედრა გამართა გია ცერცვაძის მეუღლესთან ტატიანა მესხთან და ადვოკატთან ქსენია პროკონოვასთან. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას საქართველოს კონსული კიევში ნანა ჩაბრავა და საქართველოს კონსული ქ. დონეცკში ირაკლი ადვაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ელჩმა და გია ცერცვაძის მეუღლემ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე და პროცესში საელჩოს ჩართულობაზე ისაუბრეს, შეხვედრაზე ასევე დაისახა გზები სამომავლოდ კოორდინირებული ქმედებების შესახებ. ხვალ საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდება, რომელსაც ასევე გია ცერცვაძის მეუღლე და ადვოკატი დაესწრებიან. „საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის კიევის აეროპორტში დაკავების წუთიდანვე საქართველოს საელჩო აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და რეგულარულ კონტაქტში იმყოფება ტატიანა ცერცვაძესთან და დაკავებულის ადვოკატთან“, განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ. როგორც კი ცნობილი გახდა გია ცერცვაძის დაკავების შესახებ, საქართველოს საკონსულომ უკრაინაში ნოტით მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია ქ. კიევის სოლომინსკის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან გიორგი ცერცვაძის დაკავების მიზეზის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საპატიმრო პირობებისა და საქმის განხილვის სტადიის შესახებ. ასევე, მოთხოვნილი იქნა უკრაინაში საქართველოს კონსულის დაკავებულთან შეხვედრის შესაძლებლობა. 23 იანვარს საქართველოს საელჩოში შედგა შეხვედრა გია ცერცვაძის ადვოკატთან, ქსენია პროკონოვასთან. საქართველოს საელჩოს მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა დახმარებასთან დაკავშირებით. დამატებით შედგა რამდენიმე კომუნიკაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის წარმომადგენლებთან, მათ შორის კიევის საერთაშორისო აეროპორტის პოლიციის უფროსთან. 25 იანვარს გაიმართა ელჩის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანდრეი ზაიცთან, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. საელჩოს წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ 26 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას. გია ცერცვაძის მეუღლესთან შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მწუხარება გამოთქვა, მოსამართლის მიერ გია ცერცვაძის სასამრთლო პროცესის 3 თებერვლისთვის გადატანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს განმარტებით გამოწვეული იყო პირველი ინსტანციის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გადაგზავნის შეფერხებით. მიხეილ უკლება იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, გიორგი ცერცვაძის საქმე უმოკლეს ვადაში წარმატებით დასრულდება.

Visited 142 times, 1 visit(s) today