უმცირესობის მთავარი ამოცანა შოუს მოწყობაა, რაც ჩვენი ამოცანა არ არის

10/05/2016

თბილისის საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციები მქონდა და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწვიტე 17 მაისს მივიდე საკრებულოში და კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ პროექტის სიკეთეებზე, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვან განვითარებასთან, დამატებით სარეკრეაციო სივრცის გაჩენასთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან, რომელიც ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, უმცირესობის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა შოუს მოწყობაა, რაც მისი მიზანი არ არის.

„უმცირესობის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა შოუს მოწყობაა, რაც ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათ დაძახილზე არ მივისულიყავი საკრებულოში. უმრავლესობასთან მქონდა კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0