უნგრეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს

11/09/2017

უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ უნგრეთის ელჩს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული აქტიური ურთიერთობები, რასაც ადასტურებს ურთიერთშეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის მაღალი ინტენსივობა. ხაზი გაესვა კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გააქტიურების აუცილებლობაზე. როგორც ვიქტორია ჰორვატმა აღნიშნა, საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში, მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იქნება.
ვიქტორია ჰორვატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0