უნგრული კომპანიების ინტერესი საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი იზრდება

17/03/2017

​„უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა, რომელიც ექსკლუზიურად საქართველო-უნგრეთის ბიზნეს თანამშრომლობას მოხმარდება“- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხს. აღინიშნა, რომ აპრილში, საქართველოში დაგეგმილი უნგრეთის პრემიერ – მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იმპულსის მატარებელი იქნება.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დაახლოებით 50 კომპანიის წარმომადგენელი ჩამოყვება. „იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება და პოლიტიკური ურთიერთობების დონემდე ავა. ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, უნგრეთის ბანკმა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა, რომელიც ექსკლუზიურად საქართველო-უნგრეთის ბიზნეს თანამშრომლობას მოხმარდებ,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა უნგრული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი გაზრდილი ინტერესი: „ჩვენ გარკვეული სფეროები გამოვყავით, როგორიცაა წყლის მართვა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, სადაც უნგრულ კომპანიებს აქვთ ინტერესი ჩაერთონ მუშაობაში“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ტექნოპარკი მოინახულა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0