უსაფუძვლოა საუბარი, თითქოს კვლევების გარეშე ვახორციელებთ ელექტროსადგურების მშენებლობას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, თითქოს ჩვენ ყველანაირი კვლევების გარეშე ვახორციელებთ ელექტროსადგურების მშენებლობას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჰესების მშენებლობის შეფერხებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ნუგზარ წიკლაურის კითხვას უპასუხა.
კახა კალაძე დაინტერესდა, რომელ ინვესტორსა და ხელშეკრულებას გულისხმობდა ნუგზარ წიკლაური, როდესაც “ნენსკრაჰესთან” დაკავშირებით საუბრობდა.

“ხელშეკრულება ამ პროექტზე გაფორმებული იქნა ჩვენი ხელისუფლების დროს და მშენებლობა უკვე დაწყებულია. თუ ნუგზარ წიკლაური იმაზე საუბრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს დაანონსა და იქ ჩაიყვანა ენერგეტიკის სამინისტროს თანაშრომლები, რომლებიც გადაცმული იყვნენ მუშების ფორმაში, ეს არის ტყუილი. ამის მომსწრე ადამიანები მუშაობენ დღეს სამინისტროში, რომლებიც მუშების ფორმით იყვნენ იქ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, რომ თითქოს “ნენსკრაჰესის” პროექტი იწყებოდა”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება “მტკვარი ჰესს”, მინისტრის ინფორმაციით, ეს ჰესი ფინანსური პრობლემების გამო იყო გაჩერებული. კალაძის განმარტებით, ეს არის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტი.

“როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, “მტკვარი ჰესს” ჰქონდა ფინანსური პრობლემები. სამინისტროს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, ეს პრობლემა მოგვარებულია. მშენებლობის სამზადისი მიმდინარეობს და ალბათ მომავლ კვირას დაიწყება ამ პროექტის განახლებითი სამუშაოები”, -განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება, “ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურს”, როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელზე სამუშაოდაც ჩამოიყვანეს იტალიის კომპანია. მისივე თქმით, ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული პროექტი, მას მოდერნიზება გაუკეთეს.

“უკვე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა. ბევრი საერთაშორისო ძლიერი კომპანიაა დაინტერესებული ამ პროექტით”, – განაცხადა კალაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა “ხუდონჰესზეც” და აღნიშნა, რომ “ხუდონი” არის ენერგეტიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი.

“სამწუხაროა, რომ არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება პროექტების განხორციელებას, სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, თითქოს ჩვენ ყველანაირი კვლევების გარეშე ვახორციელებთ ელექტროსადგურების მშენებლობას. ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისას ჩვენი მოთხოვნაა, რომ უნდა იყოს ყველანაირი კვლევა ჩატარებული. ამის განხვილვა უნდა მოხდეს საზოგადოების, არასამთავრობოების ჩართულობით. მე დარწმუნებული ვარ, საბჭოთა ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობდა ენგურის მშენებლობა, ალბათ მაშინაც იყო გარკვეული ჯგუფები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას”, -განაცხადა კალაძემ.

Visited 184 times, 1 visit(s) today