უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სანიორეში

04/06/2016

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა აღმოუჩინა.
უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება სოფელ სანიორეს გარდა ართანას, ფშაველის, ლალისყურის, ლეჩურის, ლაფანყურის, ნაფარეულისა და ჯუღაანის მოსახლეობას გაეწია. სამედიცინო კონსულტაციასთან ერთად ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, სწრაფი-მარტივი ტესტის მეშვეობით С ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა.
აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.
სამედიცინო გასინჯვები პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0