უღვირის უღელტეხილზე მესტია–უშგულის გზის 10 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16/06/2017

ზემო სვანეთის რეგიონში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
ხელშეკრულების მიხედვით რეაბილიტაციის თანხა შეადგენს 9 150 000 (ცხრა მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT160003044) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მამისონი“. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,37 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (ლოტი №1), ამჯერად დამუშავებულ იქნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 154 – კმ 185 (ლოტი-2) საპროექტო მონაკვეთი პკ 123+70 – პკ 220+00 სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე.
გზა დაპროექტებულია მთაგორიანი პირობებისთვის დასაშვები შეზღუდვების გათვალისწინებით. ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები გახლავთ:
► ტრასის აღდგენა და დამაგრება;
► ბუჩქნარისა და ხეების გაკაფვა;
► დაზიანებული მილების დემონტაჟი;
► ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება;
► არსებული რ/ბ ხიდების შეკეთება;
► გაბიონის კედლების მოწყობა;
► არსებული რ/ბ კედლების შეკეთება;
► სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით;
► ეზოში შესასვლელების მოწყობა;
► ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა;
► საგზაო ნიშნების მოწყობა;
► სავალი ნაწილის მონიშვნა;
► საგზაო შემოფარგვლის მოწყობა;
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის ინფორმაციით, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი. ამ ეტაპზე დაწყებულია ბეტონის საფარის დაგება.
ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადაა 2018 წლის 31 იანვარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0