უხვმა ნალექმა თოვლის სახით და ძლიერმა ქარმა სამცხე-ჯავახეთში პრობლემები შექმნა

06/02/2024

უხვმა ნალექმა თოვლის სახით და ძლიერმა ქარმა სამცხე-ჯავახეთში პრობლემები შექმნა – ჩაიკეტა სოფლებამდე მისასვლელი გზები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობას დენი არ მიეწოდება. ადიგენის, ასპინძის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მაღალმთიან სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც თოვლთან ერთად, ძლიერი ქარბუქია. ცენტრალურ და სოფლებამდე მისასვლელ გზებზე ინტენსიურად მუშაობს სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.

“უამინდობა მთელი რეგიონის მასშტაბით გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეცტექნიკა, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, უამინდობისა და დიდთოვლობის პირობებში, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა უმოკლეს დროში მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტი აღმოვფხვრათ”, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი და მუნიციპალიტეტების მერები. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0