ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება

28/05/2020

მეფუტკრე-ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თხილის და სიმინდის ფართობებში, შეწამვლითი ღონისძიებები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ისევე როგორც შარშან, მიმდინარე წელსაც, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, მეფუტკრე-ფერმერებთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება. მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ის ტერიტორიები, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0