ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტმა დაბალანსებული კანონი მიიღო

31/05/2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტმა დაბალანსებული კანონი მიიღო.
როგორც ბესელიამ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლებები ამ კანონით დაცული ყოფილიყო და შესაბამისად, ამ პოზიციას ისინი სასამართლოშიც დაიცავენ.
“ამ კანონთან დაკავშირებით არის რამდენიმე ასეული სარჩელი. ამას აქვს ერთგვარი კამპანიური და პიარული სახე. რაც შეეხება თავად არსს, სასამართლო ემზადება უკვე განმწესრიგებელი სხდომისთვის, ჩვენი წარმომადგენლები კი ამ პროცესისთვის ემზადებიან. ძალიან ძლიერი არგუმენტი გვაქვს, რომ ვიპოვეთ ერთ -ერთი საუკეთესო ბალანსი.
თუ თქვენ ნახავთ წამყვან ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მატარებელი. ჩვენ გვყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელსაც აქვს ყველაზე ფართო მანდატი. ის რეალურ დროში აკვირდება ფარულ ელექტრონულ კომუნიკაციას, რაც არ აქვს არც ერთი ქვეყნის პერსონალურ ინსპექტორს. ეს ზრდის დაცვის ხარისხს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის. იცით დღეს როგორი მზარდია უსაფრთხოების თემა, ტერორიზმის საფრთხეები, როგორ გადაეწყო ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაბალანსებული ამ კარგი კანონით. ამ პოზიციას ჩვენ დავიცავთ სასამართლოში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ომბუდსმენმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც სადავოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების (ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების) მომწესრიგებელი, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0