”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებული პაკეტით ოპერატორ კომპანიებს არავითარი დამატებითი ხარჯები არ ეკისრებათ

22/02/2017

ეკა ბესელიას განცხადებით, ”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტით ოპერატორ კომპანიებს არავითარი დამატებითი ხარჯები და ვალდებულებები არ ეკისრებათ. ელექტრონული კომუნიკაციების კომპანებთან დაკავშირებით განმარტებები ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა გრძელდება.
იცვლება კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ოპერატორი კომპანიების ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ დაჯარიმებას ითვალისწინებდა. მისი თქმით, დაჯარიმების და ასევე ავტორიზაციის შეჩერების უფლება, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ექნება.
როგორც ბესელია განმარტავს, კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რომელიმე ავტორიზებული პირის შემოწმება მხოლოდ საკუთარი ფუნქციისა და ვალდებულელების შესასრულებლად სჭირდება, რათა მან ფარული საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს. ბესელიას თქმით, სააგენტოს არავითარი სხვა ინტერესი აუდიტის კუთხით არ გააჩნია და მხოლოდ ტექნიკურ შემოწმებაზეა საუბარი.

”შევხვდი ყველა მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს, ჩვენ ასევე მივიღეთ ასოციაციების წერილი, რომელიც მცირე ოპერატორებს აერთიანებს. მათი ძირითადი წუხილი იყო ის, ხომ არ მოხდება მათთვის რაიმე ისეთი ვალდებულებების განსაზღვრა, რომელიც დიდ და გაუმარლებელ ხარჯებს გამოიწვევს. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ბიზნესისათვის, ინვესტორისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში იყოს უსაფრთხო და მშვიდი ვითარება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს წესები, რომლითაც ურთიერთობს სახელმწიფო კერძო კომპანიასთან. ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. ბიზნეს გარემო რომ იყო მშვიდი და მათ არ ჰქონდეთ რაიმე კაბალური და დისკრიმინაციული პირობები, ამაზე ამ პროექტმა იზრუნა – იზრუნა იმით, რომ არავითარი დამატებითი ხარჯები მათ არ ეკისრებათ”, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0