ფინანსთა მინისტრი მცირე მეწარმეებს შეხვდა

22/02/2018

ფინანსთა მინისტრი მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და მინისტრის მოადგილემ – ლაშა ხუციშვილმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მეწარმეებს რეფორმის შესახებ და მათ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი. ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.
უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები.
დღგ-სგან გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით, იმპორტიორს უფლება ეძლევა დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% – ის ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდება 90 დღის განმავლობაში.
სრულად გათავისუფლდება აქციზისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებები.
2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის – ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0