„ფინანსური მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის“ დანერგვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა, „ფინანსური მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის“ დანერგვასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ეკატერინე გრიგალავა, შიდა აუდიტის, ეკონომიკური დეპარტამენტის, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. “სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც მიიღწევა შიდა აუდიტის სუბიექტის ფორმირებით და დაწესებულების მიერ საკუთარი ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნით. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა მოიცავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად საჭირო ყველა შიდა კონტროლის ღონისძიებას. მათ შორის, მიზნების განსაზღვრა, ბიუჯეტის შემუშავება და შესრულება, შეთანხმებები უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ, მენეჯერული ანგარიშვალდებულების განსაზღვრა, შიდა და გარე ანგარიშგება და მონიტორინგი.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, შემუშავებულია მთავრობის 2017 წლის 21 მარტის 133-ე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით. მისი განხორციელება მოიცავს სამ ეტაპს: ფინანსურ კონტროლს, მენეჯერულ კონტროლს და ფინანსურ მართვას.
პირველი ეტაპის ძირითადი მიზანია არსებული ფინანსური კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება, კერძოდ მენეჯერული ანგარიშვალდებულების ელემენტის დანერგვა. რომელიც გამოიხატება ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით მენეჯერული ანგარიშვალდებულების დელეგირების სქემის – პასუხისმგებელი პირებით და შესაბამისი ფუნქციებით, განსაზღვრით. ანგარიშვალდებულების დელეგირების სქემა გულისხმობს დაწესებულების ხელმძღვანელის, პროგრამის ხელმძღვანელის, ბიუჯეტის განმკარგავის, ოპერაციული მენეჯერის და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის განსაზღვრას. განსაკუთრებული როლი ენიჭება საფინანსო/ეკონომიკურ სამსახურს, რომელმაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელ მენეჯერებთან ერთად უნდა განახორციელონ პროგრამის შედეგიანობის და ბიუჯეტის მაჩვენებლების კონტროლი, ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი.
მეორე ეტაპის მიზანია პირველ ეტაპზე განსაზღვრული მენეჯერული პასუხისმგებლობების სტრუქტურის გაუმჯობესება გაზრდილი პასუხისმგებლობის დელეგირების საშუალებით. ამ ეტაპზე წინ მოდის ოპერაციული მენეჯერების როლი, რომლებიც ვალდებული არიან გაითვალისწინოს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მოახდინოს მათი მართვა. ამ ეტაპზე უნდა დაინერგოს და არსებობდეს შესაბამისი ანგარიშგების სისტემა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შედეგების ანგარიშგებას, არამედ წარდგენილი ანგარიშგების შეფასებასა და შედეგების ანალიზს/ანალიტიკურ დამუშავებას – ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა დაწესებულების ხელმძღვანელს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ანგარიში მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტურობის შესახებ. ამ ეტაპის ძირითადი მიზანია კონკრეტული, გაზომვადი, განხორციელებადი, შესაფერისი და დროში გაწერილი მიზნების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისობაში იქნება არსებულ ბიუჯეტთან და განხორციელდება გარკვეული დროის მონაკვეთში.
მესამე ეტაპის მიზანია ფინანსური მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც მიიღწევა ფინანსური ანალიზის დანერგვით და სტრატეგიულ ფინანსური მართვით.
ფინანსური ანალიზი მოიცავს რესურსების განაწილების ფინანსური შედეგების ანალიზს ალტერნატიული დანახარჯების გამოვლენითა და ხარჯვითი ცენტრების ანალიზით.
სტრატეგიული ფინანსური მართვა გამოიყენება გრძელვადიანი ბიუჯეტირების დროს და თვისობრივად განსხვავდება საშუალო ვადიანი ფინანსური დაგეგმვისგან. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე ხდება ბიუჯეტის ფორმირება არა მისი ლიმიტიდან გამომდინარე, არამედ სტრატეგიული მიზნებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ ფინანსურ ანალიზზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებას.
მესამე ეტაპზე მნიშვნელოვნად იცვლება ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის როლი, რომელმაც უნდა შეითავსოს ფინანსური მრჩევლის როლი.

Visited 229 times, 1 visit(s) today