ქ. თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში საქართველოს ეროვნული გვარდიის 20-ე კადრირებული ბრიგადის 41 სამხედრო მოსამსახურის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა – პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა. ფიცის დადების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მაღალხარისხიანად ჩატარებისთვის ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, მე-20 კადრირებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის – ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი გელაშვილის სახელით მადლობა გამოეცხადათ. კურსდამთავრებულები საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა დალოცა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.