ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ფოთში გაიმართა

01/06/2016

ქალაქ ფოთმა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურს უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები და სახალხო მთქმელები წარსდგნენ.

ფესტივალი ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას მოიცავს.

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.

ფესტივალის ფინალი შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი – ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი – მუსიკა და ქორეოგრაფია. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს უწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი – “საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად, მონაწილეების წასახალისებლად. ფესტივალი მხოლოდ ქართულ ფოლკლორს არ მოიცავს – ტრადიციული კულტურის წარმოჩენა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეუძლია.
“საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0