ფონდ ”ქართუსა”და მერიის ხელშეწყობით ბათუმში სარაგბო ბაზა გაიხსნა

12/03/2017

ფონდმა „ქართუმ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა. ,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ქალბატონებს და აქ დამსწრე მანდილოსნებს. მეამაყება, რომ ჩვენს ქალაქს თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა ექნება, რომელიც ფონდი ,,ქართუსა“ და ბათუმის მერიის ხელშეწყობით აშენდა. რაგბი მარტო სპორტი არ არის, ეს ეროვნული სულისკვეთების გამოხატულებაა და ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით. ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, განსაკუთრებით კი, ჩვენს რაგბისტებს ამ მნიშვნელოვან დღეს. გამოვხატავ ჩემს პატივისცემას და რაგბის თითოეულ გულშემატკივარს აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას. აღასანიშნავია, რომ რაგბი ბათუმში ძალიან პოპულარული სპორტია, ამას მოწმობს ჩვენი სარაგბო კლუბ ,,ბათუმის“ წარმატებები. დღეიდან ჩვენს გუნდს თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი მოემსახურება. ვუსურვებ ჩვენს რაგბისტებს წარმატებებსა და არაერთ სახელოვან გამარჯვებას. ‘’ – განაცხდა გიორგი ერმაკომა კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურ საფარიანი მოედანი – 500 მაყურებელზეა გათვლილი, მესამე ქვიშის მოედანი კი ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის იქნება გამოყენებული. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც საშუალებას იძლევა თამაშები ღამის საათებშიც ჩატარდეს. კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მაყურებლებისათვის მოწყობილია სპეციალური ავტოსადგომი. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია ,,ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 000 ლარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ” უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს. აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0