ფოტოგამოფენას – „ძალადობა ქორწინების სახელით“

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის სახლმა ფოტოგამოფენას – „ძალადობა ქორწინების სახელით“ – უმასპინძლა. ღონისძიება არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული. ფოტოგამოფენის ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობაა“, იუსტიციის სახლის საჯარო სივრცე კი ღონისძიებისათვის მოძრაობას იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა. გამოფენა თეა წულუკიანმა „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„მარტი ქალთა და გოგონების თვეა, სწორედ ამ პერიოდს დავამთხვიეთ ეს პატარა და ბევრისმთქმელი გამოფენა, რომელიც ქალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს და რომელსაც პირველად თბილისის იუსტიციის სახლი უმასპინძლებს, შემდეგ კი ალბათ უკვე ქუთაისი. ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენს გოგონებს და ყველას მოუწოდებს იმისკენ, რომ არ აიძულონ თორმეტი, ცამეტი, თოთხმეტი, თხუთმეტი წლის ბავშვები, რომ გათხოვდნენ, რადგან გოგონას აქვს განვითარების უფლება და, რაც ასევე მთავარია, არჩევანის უფლება, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში, მას მერე, რაც განათლებას მიიღებს, გადაწყვიტოს, ვისთან შექმნას ოჯახი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გამოფენის გახსნაზე.
ექსპოზიციაზე ქართველი ფოტოხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც 18 წლამდე გოგონების იძულებით ქორწინების თემაზე შეიქმნა. მათ შორისაა არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებულთა პორტრეტები, სიტუაციური ფოტოები და სხვ. ფოტოებს ემოციური მინაწერებიც ახლავს, სადაც არასრულწლოვანების ასაკში დაქორწინებული ქალები ნაადრევი გათხოვების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.

Visited 138 times, 1 visit(s) today