ქართველი პარაოლიმპიელები რიოში პირველ სექტემბერს მიემგზავრებიან

31/08/2016

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პარაოლიმპიელებს შეხვდნენ და მათ წარმატება უსურვეს.
სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარაოლიმპიადაზე საასპარეზოდ პირველ სექტემბერს გაემგზავრება. წელს ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: ვანო წიკლაური (პარამშვილდოსნობა) და ზვიად გოგოჭური (პარაძიუდო) 10 სექტემბერს, აკაკი ჯინჭარაძე (წოლჭიმი – შტანგა) 13 სექტემბერს, ლია ჩაჩიბაია (პარაცურვა) და ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა) 14 სექტემბერს იასპარეზებენ.

„ჩვენ შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები იმისათვის, რომ პარაოლიმპიელებმა ივარჯიშონ და არაერთ წარმატებას მიაღწიონ. დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად წარსდგებიან ოლიმპიადაზე და გამარჯვებულები დაბრუნდებიან. ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთმანეთის წინსვლა გვიხარია. უფრო მეტს ვაკეთებთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს კიდევ უკეთესი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და წარმატებას მიაღწიონ. მათი მოპოვებული თითოეული გამარჯვება კი არის სტიმული ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მერიის, საკრებულოსა და პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.
შშმ პირთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში 177 ქვეყნის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია შედის.
პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი — იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0