ქართველი პარლამენტარები დევიდ პრაისს შეხვდნენ

14/09/2017

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ – როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.
„როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია რამდენიმე მიზეზის გამო – პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე – აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა. ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრის“, – განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0