ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილება

24/03/2016

გიორგი მარგველაშვილი : დღეს როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღეს ჩვენ თქვენ უმნიშვნელოვანეს მისიაში გაცილებთ.
გაცილებთ და ამავე დროს ვფიქრობთ თქვენზე და იმ მნიშვნელოვან სამსახურზე, რომელიც თქვენ უნდა გაუწიოთ სამშობლოს და მთელ მსოფლიოს. თქვენ მიბრძანდებით თქვენს თანამებრძოლებთან ერთად, იმისთვის რომ დაიცვათ მშვიდობა მთელს მსოფლიოში. თქვენ მიბრძანდებით საქართველოს ინტერესების დასაცავად.
დღეს, როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი მეგობრები და თანამებრძოლები წლების განმავლობაში ამ მისიით და სხვა მისიებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა, იცავდენენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში.
თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას იმ მრავალსაუკუნოვან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს. ყოველი დღე , რომელსაც თქვენ იქ გაატარებთ, ჩვენ თვალს გადევნებთ ერთდროულად სიამაყით და ამავე დროს თქვენზე ფიქრით და თქვენზე ლოცვით. მინდა გითხრათ, რომ მთავარი რაც თქვენ იქ უნდა გააკეთოთ, ეს არის დაიცვათ ადამიანის სიცოცხლე, გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლეს და გაუფრთხილდეთ სხვა ადამიანების სიცოცხლეს. იმიტომ რომ ეს არის ჯარისკაცის მთავარი მოვალეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ასევე სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ახალი პერსონალური დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომლითაც ქართული ჯარი აღიჭურვება.
უახლოეს მომავალში ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები გაემგზავრებიან.
ქართველი სამხედროები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გენერალური შტაბის უფროსმა და ამერიკის ელჩმა გააცილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0