ქართველი ჯარისკაცი არის ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ

29/01/2016

ქართველი ჯარისკაცი არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რითაც ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება და ყველანი მის შედეგებს უნდა დაველოდოთ. ამასთან, უმაღლესმა მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
“ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია ჩვენი მისიებიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ რომ ქართველი ჯარისკაცი არის ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს. კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და როგორც მასშია ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.
“ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0