„ქართული ღვინის კვირეული“ წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება

26/09/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის კვირეული“ წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.
2017 წელს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
29 სექტემბერს, 12.00 საათზე ქალაქ მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, „ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება“. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია „მარნეული – ვაზის აკვანი“. აქვე წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ექსპონატები, რომლებიც მიუთითებს, რომ სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების ადგილზეა აღმოჩენილი უძველესი წიპწები, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს ღვინისა და ვაზის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს. ფესტივალის მსვლელობი დროს საწნახელში დაიწურება ყურძენი, ხოლო სტუმრებს მიეცემათ ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა. აქვე გაიმართება შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.
ღონისძიება ტარდება მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
1 ოქტომბერს 11.00 საათზე – თბილისის #1 ღვინის ქარხანაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, გაიმართება „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, რომელიც გასულ წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ცნობილი და ახალი მცირე მარნები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები, გაესაუბრონ მათ შემქმნელებს, მიიღონ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, შეიძინონ ღვინოები.
ღონისძიებას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
7 ოქტომბერს 12.00 საათზე ქალაქ თელავში, ღვინისა ფესტივალი „თელავინო“ აღინიშნება. საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ როგორც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები, ასევე მცირე, საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაა გააცნობენ.
8 ოქტომბერს , გაიმართება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება. ღონისძიებაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია უკვე მეოთხე წელია, ატარებს „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.
კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის – მცირე მარნებიც. კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.
ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0