”ქართულ ოცნებას” შესაძლებლობა ჰქონდა ქართველი ხალხისთვის უკეთესი შეთავაზება გაეკეთებინა

16/08/2016

ოთხი წლის განმავლობაში პარტია ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ქართველი ხალხისთვის უკეთესი შეთავაზება გაეკეთებინა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

უსუფაშვილის აზრით, ”ქართული ოცნების” მხრიდან ”ქართველი ხალხისთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები არიან შეთავაზებული”.

”როდესაც პოლიტიკურ პარტიას აქვს პრეტენზია, პარლამენტში ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, როდესაც კანდიდატებს ასახელებს, ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას გვისახელებს. მე ჩემი ქვეყნისთვის ვისურვებდი გაცილებით მაღალკვალიფიციურ, გაცილებით პროფესიონალურ პარლამენტს, უმრავლესობას. მეც მაქვს ერთი სპეციფიური საკითხი, რომელსაც გულისტკივილით ვამბობ: – სამწუხაროდ, ამ ოთხის წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები არიან შეთავაზებული ქართველი ხალხისთვის, თუმცა ეს უკვე ხალხის არჩევანია, მათი გადასაწყვეტია”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, თავად ”რესპუბლიკელების” სტანდარტი შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

”ჩემი პოზიცია ისაა, რომ ”რესპუბლიკელებმა” ქართველ ხალხს ძალიან ღირსეული კანდიდატები შევთავაზეთ. თითქმის ჩვენი ყველა მეორე მაჟორიტარი ქალი კანდიდატია, ამიტომ მითი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატები ვერ იბრძვიან და იმარჯვებენ, სწორი არ არის”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0