ქედაში ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,ექო თოფუზი” მიმდინარეობს

07/06/2017

ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი ,,ექო თოფუზი” ქედის კულტურის ცენტრში, დღეს ხატვით გაიხსნა. მანამ, სანამ 35 -მდე ქედაში მცხოვრები მოზარდი, მუსიკის თანხლებით, საყვარელი მულტფილმის გმირებს დახატავდა, ,,ანიმაციის განვითარების ფონდის” წარმომადგენლებმა ერთგვარი ვორქშოპი გამართეს და ბავშვებს ფილმის წარმოების ყველა ეტაპი, ანიმაციის ტექნოლოგიები და ის კომპიუტერული პროგრამები, რომლის საშუალებითაც ფილმზე მუშაობა ხდება, დეტალურად გააცნეს. ხატვის პროცესმა მონაწილეები დააინტერესა და ფილმზე მუშაობის სიხარულმა უფრო მეტი სტიმული მიანიჭა. შექმნილ ანიმაციურ ფილმს პატარები მაყურებელს ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ. როგორც ცნობილია, ფესტივალი მოიცავს გასართობ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს და მისი მიზანია ქართული ანიმაციის პოპულარიზაცია, ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. ფინანსური მხარდამჭერია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბიუჯეტი 2 700 ლარს შეადგენს. ,,ექო თოფუზი” ხვალაც გაგრძელდება. 14 საათზე, ქედის კულტურის ცენტრში მოზარდებს წინ მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0