ქეთევან ბოჭორიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია გახსნა

03/11/2016

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკი) და ევროპის კავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ორგანიზებით თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია კონკურენტული კონსალტინგის თემაზე. კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. თავის მოხსენებაში მან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ქეთევან ბოჭორიშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომლებიც ევრობანკის დაფინანსებით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევრობანკის „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის დირექტორი შარლოტა რუ და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს 200-ზე მეტ პროფესიონალ კონსულტანტი მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის, აშშ-დან და დასავლეთ ევროპიდან. წლევანდელი კონფერენციის თემაა სწრაფი ტემპი, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია. კონფერენციაზე განიხილება საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს ამ სფეროში წინსვლას ტენდენციების, მზარდი კონკურენციის, ახალი მოდელებისა და საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის ფონზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0