ქვემო ქართლში 755 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

16/09/2023

ქვემო ქართლში 755 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ნახიდურის სარწყავი არხის რეაბილიტაცია განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ სოფელ მუხრანას, ბალახაურის, ნახიდურისა და ხიდისყურის 755 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. პროექტის ფარგლებში, არხის 4,2 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო წყალგამშვები ნაგებობები, გაკეთდა საფეხმავლო და სამანქანო გადასასვლელები. სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენს 1 670 000 ლარს. საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლონგინოზ გასანოვი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქვემო ქართლში 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 500 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0