ქობულეთის მერი ქაქუთისა და წყავროკას მოსახლეობას შეხვდა

06/02/2018

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლით შეხვედრებს ყოველკვირეულად გამართავს. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მოსახლეობის მდგომარეობას ქაქუთსა და წყავროკაში გაეცნენ. შეხვედრაზე მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ყოფითი სააკითხების მოგვარება ითხოვა. მათ ძირითად მოთხოვნად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, ხიდების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების გაუმჯობესება და მოსაცდელების მშენებლობა წამოაყენეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდნენ. მათ განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს. „ჩვენი უპირველესი მოვალეობა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათი პრობლემების მოსაგვარებლად დროული რეაგირებაა. ჩვენ დღეიდან თვითონ მოვალთ თქვენს მოსასმენად. ადგილზე გავეცნობით არსებულ ვითრებას და თავდაუზოგავად ვიზრუნებთ თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ პრობლემურ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და პრიორიტეტულად ვცდილობთ მათ მოგვარებას. წელსაც ეტაპობრივად გაგრძელდება ცენტრალური და შიდასასოფლო გზების მოწესრიგება, ქაქუთსა და წყავროკაში იგეგმება ხიდების მშენებლობა, ასევე ქაქუთის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ახალი საფილტრი ნაგებობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებას. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად განხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიც. ქაქუთში 2 და წყავროკაში 8 საცხოვრებელ სახლთან მოეწყობა ბეტონის ფერდდამცავი კედლები.“ – აღნიშნა მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. დღესვე ქობულეთის მერი ქაქუთის საბავშვო ბაღში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და წყავროკას საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0